Skip to content

ბრეკეტები თუ ელაინერები?

  • შემოწმებული და განახლებულია:
ბრეკეტები თუ ელაინერები?

სტატიის შინაარსი შემოწმებულია ექიმი სტომატოლოგი ვახო ჯგერენაიას მიერ

ბევრმა პაციენტმა (ან მათმა მშობელმა) გვკითხა თუ რომელი ვარიანტი სჯობს მათთვის: ბრეკეტები თუ ელაინერები? ეს ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა ამ სტატიის საშუალებით შევეცდებით მოგაწოდოთ პირველადი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ განიხილოთ და აირჩიოთ სასურველი ვარიანტი.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ელაინერებს შეუძლიათ მოაგვარონ ორთოდონტიული პრობლემების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ორთოდონტთან, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენზე მორგებული გადაწყვეტილება. თუმცა ასევე ხშირია შემთხვევა, როცა პაციენტის მკურნალობა ორივე მეთოდით შესაძლებელია და პაციენტმა გადაწყვეტილება საკუთარი ცხოვრების სტილის შესაბამისად უნდა მიიღოს.

ბრეკეტები დამზადებულია ლითონის ან ფაიფურის მასალისგან და მიმაგრებულია კბილებზე სპეციალური მასალის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს კბილების სწორ პოზიციაზე გადაადგილებას, ხოლო ელაინერები კი დამზადებულია პლასტმასის მასალისგან და მორგებულია სპეციალურად თქვენს კბილებზე. ისინი ერთი და იმავე დანიშნულებით გამოიყენებიან.

ელაინერების უპირატესობები:

გარეგნობა: ელაინერები ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე ბრეკეტები, რადგან ისინი გამჭირვალეა და მორგებულია თქვენი კბილების სტრუქტურაზე.

დიეტა: ელაინერების ტარების შემთხვევაში არ გიწევთ დიეტის დაცვა, როცა ბუნებრივია ბრეკეტების ტარება იწვევს დისკომფორტს გარკვეული ტიპის საკვების მირთმევის დროს, ზოგიერთმა საკვებმა კი შეიძლება სულაც ბრეკეტების დაზიანება გამოიწვიოს.

ჰიგიენა: იმის გამო, რომ ელაინერების მოხსნა შესაძლებელია, ეს ფაქტორი ამარტივებს კბილების წმენდას, ბრეკეტების შემთხვევაში კი პირის ღრუს ჰიგიენა ბევრად რთულია.

ექიმთან ვიზიტები: იმის გამო, რომ კბილის მოძრაობა წინასწარ არის დაგეგმილი თქვენი ორთოდონტის მიერ, პრაქტიკაში ვიზიტები, როგორც წესი, ბევრად უფრო მარტივია და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს მთლიანობაში უფრო ნაკლები, ვიდრე ბრეკეტების ტარებისას. ეს შეიძლება იყოს დიდი უპირატესობა იმ ადამიანებისთვის, ვინც დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობენ!

კომფორტი: ზოგადად რომ ვთქვათ, ელაინერები უფრო კომფორტულია, ვიდრე ბრეკეტები. ელაინერები იწვევენ ნაკლებ გაღიზიანებასა და ტკივილს.

ელაინერების ნაკლოვანებები

ტარების ხანგძლივობა: ეფექტურობისთვის ელაინერების ტარება საჭიროა დღეში 22 საათის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ჭამისა და ჰიგიენის დროს შეიძლება ამოვიღოთ. ტარების ხანგძლივობა პირდაპირ კავშირშია მკურნალობის შედეგებთან.

ეფექტურობა: როგორც ზემოთ ვთქვით ელაინერები შეიძლება იყოს ბრეკეტების ეფექტური ალტერნატივა, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. რთულ სიტუაციებში, თქვენმა ორთოდონტმა შეიძლება გირჩიოთ ბრეკეტების ტარება. თუ თქვენ მაინც დაჟინებით მოითხოვთ ელაინერებს, საბოლოო შედეგი შეიძლება არც ისე ეფექტური იყოს.

ღირებულება: ზოგიერთ შემთხვევაში, ელაინერების ღირებულება შეიძლება იყოს ბრეკეტებზე მეტი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ფასებს შორის არ არის დიდი განსხვავება. თქვენს ორთოდონტს შეუძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა ვარიანტების ღირებულება, ვიდრე მკურნალობას გადაწყვეტთ.

ელაინერები

ბრეკეტების უპირატესობები:

გამოიყენება ყველა შემთხვევისთვის: ელაინერები შეიძლება გამოვიყენოთ უმეტეს შემთხვევაში, თუმცა, ბრეკეტების გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევის სამკურნალოდ. ეს ნიშნავს, რომ ბრეკეტები ყოველთვის გამოსავალია.

ბრეკეტების მრავალფეროვნება: ბრეკეტები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, მაგალითად ლითონის ბრეკეტები, ფერებით ან მის გარეშე. ასევე არსებობს ფაიფურის ბრეკეტები, რომლებიც ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ჩვეულებრივი ლითონის ბრეკეტები.

პრაქტიკულობა: იმის გამო, რომ ბრეკეტები დამაგრებულია კბილებზე, თქვენ არ შეგიძლიათ დაივიწყოთ მათი ტარება ან დაკარგოთ ისინი. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის, თუ მათ არ აქვთ შინაგანი მოტივაცია ადეკვატურად შეასრულონ ორთოდონტის მითითებები.

ბრეკეტების ნაკლოვანებები:

ჰიგიენა: ბევრად უფრო რთულია კბილების გაწმენდა ბრეკეტებით, ვიდრე ელაინერებით. არასწორმა ჰიგიენამ კი შეიძლება კბილების დაზიანება გამოიწვიოს, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ბრეკეტების მოხსნის გადაწყვეტილებას ოპტიმალური შედეგის მიღწევამდე.

დიეტა: ბრეკეტების გამოყენებისას შეიძლება დაგჭირდეთ გარკვეული ტიპის დიეტის დაცვა. გარდა ჭამის დროს გამოწვეული დისკომფორტისა, ასევე საჭიროა მოერიდოთ მყარ, შაქრიან და წებოვან საკვებს. ცუდი დიეტა და არაადეკვატური ჰიგიენა კატასტროფის რეცეპტია!

კომფორტი: ზოგადად რომ ვთქვათ, ბრეკეტები უფრო მეტად იწვევს დისკომფორტს, რაც რიგ შემთხვევებში გამოიხატება პირის ღრუს დისკომფორტსა და გაღიზიანებაში.

გარეგნობა: ბრეკეტები (თუნდაც ფაიფურის) უფრო შესამჩნევია, ვიდრე ელაინერები. ეს მნიშვნელოვანია ზოგიერთი პაციენტისთვის, მათი პროფესიის, ჰობისა და ხასიათის გათვალისწინებით, თუმცა გავითვალისწინოთ რომ არსებობს ლინგვალური ბრეკეტები, რომელიც თქვენი კბილების უკანა კედელზე მაგრდება და არ არის შესამჩნევი გარშემო მყოფთათვის.

ვიზიტები: ბრეკეტების გამოყენების დროს ორთოდონთან ვიზიტები უფრო ხშირი და ხანგძლივია.

ბრეკეტები თუ ელაინერები

ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, როდესაც აფასებთ ორთოდონტიული მკურნალობის ვარიანტებს. ვიმედოვნებთ, რომ ზემოთ მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ რომელი ვარიანტია თქვენთვის საუკეთესო. გადაწყვიტეთ რა დადებითი ან უარყოფითი მხარეა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დაგეხმარებათ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. რაც მთავარია, დასვით კითხვები, დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველა საჭირო ინფორმაცია ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

ასევე გირჩევთ გაეცნოთ: ბრეკეტებით მკურნალობის 5 სარგებელი

გააზიარე
გააზიარე
გააზიარე

რეკომენდირებული ბლოგები